გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ბრატისლავას „სლოვანს“ მორიგი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში ვლადიმერ ვაისმა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია დააყენა (89-ე წუთზე შეცვალა), ხოლო ჯაბა კანკავამ ბოლო ტურში „რუჟემბეროკთან“ მიღებული ყვითელი ბარათის გამო (სულ სეზონში 6 ყვითელი) შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა „სერედთან“ შეხვედრაში და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა -5:1. რობერტ გრინმა დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი კი ტიგრან ბარსეგიანის, ივან შაპონიჩისა და გურამ კაშიას ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი ბრატისლაველების პირველი გოლის ავტორი იყო. მან მე-40 წუთზე გაიტანა, როდესაც სტუმრები იგებდნენ და ანგარიში გაათანაბრა. ეს გურამ კაშიასთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მეორე გოლია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 3 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 60 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ ტრნავას „სპარტაკს“ 14 ქულით ასწრებს და თუ სასწაული არ მოხდა, ჩემპიონობას შეინარჩუნებს.