კაშიამ გაიტანა, ჩაკვეტაძემ ასისტი შეასრულა - „სლოვანმა“ „ფერენცვაროში“ გასვლაზე დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე გადაცემა შეასრულა და ბრატისლავისსლოვანმა” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უპირატესობა მოიპოვა.

უნგრეთის ჩემპიონთან ბრატისლაველთა შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანაკავა იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა.

ამ დროისთვის „სლოვანი“ უკვე აგებდა. 70-ე წუთზე კრისტოფერ ზახარიასენმა სლოვაკების კარი აიღო. ვლადიმირ ვაისმა რეაგირება ორმაგი შეცვლით გააკეთა, თამაშში ალეკსანდრ ჩავრიჩი და ჩაკვეტაძე შევიდნენ და „სლოვანის“ შეტევები მაშინვე გაააქტიურეს და საბოლოოდ, სლოვაკებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს.

81-ე წუთზე სტანდარტული პოზიციის შემდეგ ვერნონ დე მარკომ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარის წინ დააბრუნა, კაშიამ კი მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 86-ე წუთზე სლოვაკებისთვის კიდევ უკეთესი მომენტი დადგა – ჩაკვეტაძემ ბურთი საჯარიმოსთან მიიტანა და ტიგრან ბარსეგიანს გადააწოდა, რომელმაც „სლოვანს“ გამარჯვება ეფექტური გოლით მოუტანა 1:2.

სლოვანი“ ბრატისლავაში განმეორებით შეხვედრაში „ფერენცვაროშს“ 27 ივლისს მიიღებს და უპირატესობის გამოყენებას და მესამე ეტაპზე გასვლას შეეცდება.