კაშია არნემში ჩავიდა - კაპიტანი ყოფილი გუნდის თამაშს დაესწრო #1TVSPORT
გურამ კაშიამ სეზონი დაასრულა და სანაკრებო შეკრების დაწყებამდე მცირეხნიანი შესვენება ნიდერლანდებში გასამგზავრებლად და ყოფილი კლუბის თამაშზე დასასწრებად გამოიყენა.
ერედივიზიის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ყოფილმა კლუბმა არნემის „ვიტესმა“ უკვე გაჩემპიონებული ამსტერდამის „აიაქსი“ მიიღო და ქულა მოიპოვა 2:2.
„ვიტესი“ მე-6 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზურის პლეი ოფის ნახევარფინალში „უტრეხტთან“ ითამაშებს – 19 მაისს მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, ხოლო 22-ში სტუმრად შეხვდება. წყვილის გამარჯვებული „ჰერენვენი“-„ალკმაარის“ წყვილში უძლიერესს დაუპირისპირდება.
„ერედივიზიის სეზონის ბოლო მატჩში „ვიტესი“ დაარსებიდან 130 წლის იუბილეს აღნიშნავდა. სტადიონზე გუნდის რამდენიმე ყოფილი მოთამაშეც იმყოფებოდა, მათ შორის ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია, ბავშვთა მოედანზე „ვიტესის“ ახალგაზრდა გულშემატკივრისთვის მრავალი გასართობი მოეწყო. ყველამ ერთად აღვნიშნეთ „ვიტესის“ დაბადების დღე“, – წერია არნემული კლუბის ცნობაში.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბის წამყვანი მცველი გახდა და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ. ქართველმა მცველმა „ვიტესის“ მაისური 244–ჯერ მოირგო.
დასრულებულ სეზონში კაშია ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას „სლოვანში“ ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშობდა და სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.