კასანო კვარაცხელიას ფანი გახდა - ეს ბიჭი ფენომენია #1TVSPORT
კასანო კვარაცხელიას ფანი გახდა - ეს ბიჭი ფენომენია #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ ახალწვეულ ხვიჩ კვარაცხელიას სოციალურ ქსელში პოსტი კიდევ ერთხელ მიუძღვნა.

„ფენომენია. ის ახლახან ჩამოვიდა იტალიაში და უკვე საათში ათასი მილის სიჩქარით მიექანება“, – წერს კასანო.

ქართველმა ნახევარმცველმა სერია ა-ს ახალი სეზონის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კასანო ქართველი ფეხბურთელის თამაშს პირველად არ ეხმაურება. ანტონიო კასანომ ქართველით აღტაცება სერია ა-ში დებიუტის შემდეგაც არ დამალა.

„კვარაცხელია შთამბეჭდავია. ვნახე „ნაპოლის“ მატჩი და მინდოდა, მისთვის მესიჯი გამომეგზავნა, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩს. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა – როდესაც ბურთი მარჯვნივ არის, ის სწრაფად ხდება მეორე თავდამსხმელი. გატანილი გოლის დროს თავი ინტელექტით დამამახსოვრა. მცველის ზურგსუკან იმ დროს ახტა, როდესაც დაცვაში „ხვრელით“ უნდა ესარგებლა. ის მომენტს კარგად გრძნობს“, – განაცხადა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ Bobo TV-სთან.

21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი თავდამსხმელი ისტორიას ხულიგანის სახელით შემორჩა, რომელიც ვერ მოარჯულეს – ითამაშა „რომაში“, მადრიდის „რეალში“, „სამპდორიაში“, „მილანსა“ და „ინტერში“.

2012 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. 2001 და 2003 წლებში სერია ა-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, იტალიის ნაკრების რეკორდსმენია ევროპის ჩემპიონატზე გოლების რაოდენობით (3 გოლი).