კარვებიდან მდიდრულ ლუქსებამდე - ყატარი 2022-ის ორგანიზატორებმა ფანებს ცხოვრების ვარიანტები შესთავაზეს #1TVSPORT
ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ტურნირის მსვლელობისას საცხოვრებელი ადგილების ვარიანტები შესთავაზეს გულშემატკივრებს.
ამუშავდა სპეციალური ვებგვერდი ჩემპიონატის დღეებში ფანების განსათავსებლად. მათ ყატარში ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ – დაწყებული უდაბნოში კემპინგით და დამთავრებული ძვირადღირებული ლუქსებით კრუიზულ ლაინერებზე.
ყატარის მთავრობამ და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ტურნირისთვის დაჯავშნეს სასტუმროებისა და ბინების 130 ათასი ნომერი. აგრეთვე, მათ განკარგულებაში იქნება ორი ლაინერი დოჰას პორტში – The MSC Poesia და MSC World Europa. პირველში 1265 კაიუტაა, მეორეში, რომელიც ხუთვარსკვლავიანია – 2633 კაიუტა. პირველ ლაინერში ერთი ღამის ფასი 347 დოლარიდან იწყება, მეორეში – 640 დოლარიდან.
გულშემატკივართა განთავსების კიდევ ერთი ვარიანტია – კემპინგი უდაბნოში. კარვებსა და ავტოსახლებში ცხოვრების ფასი ჯერ დადგენილი არ არის.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრემდე გაიმართება.