კარლოს ალკარასი ისტორიაში რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა - ესპანელის რეკორდები #1TVSPORT
კარლოს ალკარასი ისტორიაში რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა - ესპანელის რეკორდები #1TVSPORT

ესპანელი კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. მან სამ საათსა და 32 წუთში ოთხ სეტში მოუგო ფინალური მატჩი ნორვეგიელ კრისტიან რუუდს – 6:4, 2:6, 7:6(1), 6:3.

ესპანელმა ნიუ იორკში გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

* კარლოს ალკარასი 19 წლისა და ოთხი თვის ასაკში რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა ისტორიაში. მანამდე რეკორდი ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნოდა, რომელიც მწვერვალზე 20 წლისა და რვა თვის ასაკში ავიდა.

* ალკარასი „დიდი სლემის“ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია რაფაელ ნადალის შემდეგ (როლან გაროსი, 2005). რაფამ ტიტული 19 წლისა და ორი დღის ასაკში მოიგო.

* ალკარასი აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია პიტ სამპრასის (1990) შემდეგ.

* ალკარასი მე-15 ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც „დიდი სლემის“ ტიტული მოიგო იმ დროს, როცა ერთ-ერთ მატჩში მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

* ალკარასმა აშშ-ის ღიაზე შვიდი მატჩის მოგებას 23 საათი და 39 წუთი მოანდომა. ერთ ტურნირზე ამდენი დრო კორტზე არავის გაუტარებია.

* ტურნირის მსვლელობისას, ალკარასმა ზედიზედ სამი ხუთსეტიანი მატჩი მოიგო – 1/8 ფინალში, 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში. აქამდე „დიდ სლემზე“ ზედიზედ სამი ხუთსეტიანი მატჩი ითამაშეს და ტიტული მოიგეს სტეფან ედბერგმა (1992, აშშ-ის ღია) და გუსტავო კუერტენმა (1997, როლან გაროსი).

* წელს ალკარასი მამაკაცთა ტურის ლიდერია ყველა კატეგორიაში:

მოგებული მატჩები – 51

TOP10-ის ჩოგბურთელებთან მოგებებით – 9

ტიტულებით – 5

ფინალებით – 7

ქულებით – 6460

საპრიზო თანხით – 7.4 მლნ დოლარი