ინგლისური „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „იუვენტუსში“ მუშაობდა და ზინედინ ზიდანი მისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. იტალიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ ფრანგმა ფეხბურთის შესახებ მისი წარმოდგენა შეცვალა.
„ზიდანთან ერთად მე შევეცადე, შემეცვალა ჩემი წარმოდგენა სისტემის შესახებ. ის პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც სხვანაირად თამაშის საშუალება მომცა. თავდაპირველად ჩვენ ვიყენებდით 3-4-1-2 სისტემას, სადაც ალესანდრო დელ პიერო და ფილიპო ინძაგი წინ იყვნენ და ზიდანი მათ უკან თამაშობდა. შემდეგ ჩვენ ოთხ მცველზე გადავედით, წინ კი ყველაფერი ძველებურად დავტოვეთ. ზიდანმა ჩემი წარმოდგენა შეცვალა ფეხბურთის შესახებ. „იუვენტუსამდე“ 4-4-2 სისტემის მიმდევარი ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები „სკაი სპორტს“.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი იუვენტუსს 1999-2001 წლებში წვრთნიდა.