კარლო ანჩელოტი - შესაძლებელი რომ იყოს, ორ მეკარესაც გამოვიყენებდი #1TVSPORT
„ბარსელონასთან“ მატჩის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც, მომავალ შეხვედრასთან ერთად, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომელშიც „სამეფო კლუბმა“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
„ესპანეთის ჩემპიონობასთან ახლოს ვართ, თუმცა „ბარსელონასთან“ ძალიან რთული თამაში გველის. „ელ კლასიკო“, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და თანაბარ მატჩს ველი. შეგვიძლია, გავიმარჯვოთ და ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.
არ მიკვირს, „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრის შემდეგ რომ გვაკრიტიკებენ. ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა ჩემთვის ცხადია, როგორი სათამაშო სქემით უნდა ვითამაშოთ. ჩვენი არცერთი გულშემატკივარი მოწყენილი არ მინახავს. ისინი შედეგით ძალიან ბედნიერები არიან.
ხუთი მცველის გამოყენებას მატჩის მიწურულს არასდროს გამოვრიცხავ. დაცვაში ექვსი ან შვიდი ფეხბურთელიც შეიძლება დავაყენო, ხოლო შესაძლებელი რომ იყოს, ორ მეკარესაც ვათამაშებდი“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდის „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატში 78 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბარსელონას“ რვა ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩები ელის.