კარლო ანჩელოტი - რთული მატჩი იყო, „ნაპოლის“ პენალტი არ ეკუთვნოდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარამა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ აღიარა, რომ იტალიელების გატანილი მეორე გოლის შემდეგ მის გუნდს გაუჭრდა, მაგრამ გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.
„მატჩი ბოლომდე რთული და დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, შემდეგ კარგად ავთამაშდით და წინ გავედით, „ნაპოლის“ პენალტი კი, ჩემი აზრით, დასანიშნი არ იყო. სირთულეები სწორედ ამ ძალიან საეჭვო პენალტის შემდეგ დაიწყო. შეტევაში წასვლა გაგვიჭირდა. ყველაფერი მოედანზე მოდრიჩის შესვლამ შეცვალა, რომელმაც თამაშზე კონტროლი დაგვიბრუნა და ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
როცა გავიგე, რომ მესამე გოლი, ვალვერდეს ნაცვლად, მერეტის ავტოგოლად ჩათვალეს, გამეცინა, ეს ნამდვილი აბსურდია. ვალვერდე შესანიშნავი ნახევარმცველია და, ბევრი თვისების გარდა, საოცარი დარტყმაც აქვს.
ჯუდ ბელინგემი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. მას გამორჩეული თვისებები აქვს და ყოველ მატჩში აჩვენებს, რა დონის მოთამაშეა. ოსიმენის წინააღმდეგ ვცდილობდით, მუდამ ორი ფეხბურთელით გვეთამაშა. ცენტრალური მცველები მას თავისუფალ ზონას არ უტოვებდნენ და კარგადაც ჩაკეტეს“, – განაცხადა მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა.