იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტი, რომელიც 1959 წლის 10 ივნისს როჯოლოში დაიბადა, 60 წლის გახდა.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იგი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 26 შეხვედრა და მონაწილეობა მიიღო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. კარლო ანჩელოტიმ სახელი გაითქვა „რომაში“ და „მილანში“ თამაშისას. ამ პერიოდში მან სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.
სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ანჩელოტი წვრთნიდა „რეჯანას“, „პარმას“ და „იუვენტუსს“. ამ პერიოდში მან მოიპოვა ინტერტოტოს თასი. 2001 წელს დაინიშნა „მილანის“ მთავარ მწვრთნელად. სადებიუტო სეზონში ანჩელოტიმ გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მიაღწია. 2002-2003 წლების სეზონი „მილანისთვის“ წარმატებული გამოდგა. კლუბმა მოიგო იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა „იუვენტუსი“ (თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით 3:2). 2003-2004 წლების სეზონში ანჩელოტიმ მოიგო სკუდეტო. შემდეგ ზედიზედ ორი წელი „მილანმა“ დაიკავა მე-2 ადგილი. 2005 წელს „მილანი“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „ლივერპულთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო. ძირითადი დრო ანგარიშით 3:3 დასრულდა. 2007 წელს ანჩელოტი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ისევ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და რევანშის აღება შეძლო. „მილანმა“ „ლივერპული“ 2:1 დაამარცხა.
2007-2008 წლების სეზონი გამოდგა ყველაზე წარუმატებელი კარლო ანჩელოტისათვის „მილანში“ – კლუბმა ჩემპიონატში დაიკავა მეხუთე ადგილი და პირველად დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
2009 წელს ანჩელოტი დაინიშნა „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად, სადაც გაიფორმა ოქროს დუბლი, მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის თასი. 2011 წლის 22 მაისს კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
2011 წლის 30 დეკემბერს ანჩელოტი დაინიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად. 2012-2013 წლების სეზონში ანჩელოტიმ კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა.
2013 წლის 25 ივნისს „რეალ მადრიდის“ ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ანჩელოტი მომავალი წლიდან სამეფო კლუბს ჩაუდგებოდა სათავეში. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სადებიუტო სეზონშივე „რეალ მადრიდს“ მე-18 სამეფო თასი მოაგებინა, რომლის ფინალში გუნდმა კატალონიის „ბარსელონა“ დაამარცხა. ამავე სეზონში რეალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 2011-დან 2013 წლამდე გუნდი ვერ ახერხებდა ნახევარფინალური ეტაპის დაძლევას. ფინალში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო მადრიდი“ დაამარცხა დამატებით დროში, ანგარიშით 4:1. გუნდისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. 2014 წლის აგვისტოში „რეალმა“ მოიგო „უეფას“ (UEFA) სუპერთასი, სადაც „სევილია“ დაამარცხა ანგარიშით 2:0. 2014 წლის 16 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ანჩელოტის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 22 თამაში მოიგო. ანჩელოტიმ გუნდს ასევე „ფიფას“ (FIFA) საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. 2014-2015 წლების სეზონზე „რეალ მადრიდმა“ კვლავ ვერ მოიგო ესპანეთის პრიმერადივიზიონი და მეორე ადგილს დასჯერდა. მათ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ იასპარეზეს დამაჯერებლად და კლუბი ნახევარფინალიდან „იუვენტუსმა“ გამოაგდო. წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ანჩელოტი თანამდებობიდან კლუბის მმართველმა საბჭომ გადააყენა.