კარის 50 ქულით „გოლდენ სტეიტმა“ „საკრამენტო“ მეშვიდე თამაშში დაამარცხა და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დასრულდა პლეი ოფის პირველი რაუნდი. კონფერენციის ნახევარფინალის ბოლო, მერვე საგზური „გოლდენ სტეიტმა“ მოიპოვა, რომელმაც ძალიან დაძაბული სერიის მეშვიდე მატჩში სტუმრად „საკრამენტო“ 120:100 დაამარცხა.
მატჩის გმირი სტეფ კარი აღმოჩნდა. „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა 50 ქულა ჩააგდო, რაც NBA-ის პლეი ოფების მეშვიდე შეხვედრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი კევინ დურანტს ეკუთვნოდა, რომელმაც 2021 წელს „მილუოკისთან“ სერიის გადამწყვეტ მატჩში 48 ქულა დააგროვა.
სტუმართა შემადგენლობაში ასევე გამორჩეული იყო კევონ ლუნი. სანფრანცისკოელთა ცენტრმა 11 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა, რომელთაგან 10 მეტოქის ფარზე იყო. „საკრამენტოს“ სამწამიან ზონაში ლუნი მაშინ დომინირებდა, როცა თამაში დაძაბული იყო და მან მატჩის „გოლდენ სტეიტის“ სასარგებლოდ გარდატეხაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი დომანტას საბონისს ჰქონდა – 22 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი.
„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუპირისპირდება. სერია, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს, 3 მაისს გაიხსნება.