სუპერფინალური სერიის მესამე მატჩს ამჯერად გოლდენ სტეიტის „ორეკლ არენამ“ უმასპინძლა. „უორიორსს“ ორი ლიდერის გარეშე მოუწია თამაში. კევინ დიურანტის და კლეი ტომპსონის არყოფნაში, „რეპტორსის“ შანსი გაიზარდა და ეს შესაძლებლობა ნიკ ნურსის გუნდმა ხელიდან არ გაუშვა.
სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს. სტეფ კარის ფენომენალური თამაში მასპინძლებს არ ეყოთ. კარის ანგარიშზე 47 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა დაფიქსირდა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში კავაი ლეონარდს (30 ქულა 7 მოხსნა 6 გადაცემა) მხარი სხვა მოთამაშეებმაც აუბეს. კაილ ლოურიმ 23 ქულა და 9 გადაცემა გაიფორმა. 18-18 ქულა მოიპოვეს პასკალ სიაკამმა და დანი გრინმა. სასარგებლო იყო მარკ გასოლიც: ესპანელმა 17 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრის საფინალო ანგარიშია 123:109 კანადური კლუბის სასარგებლოდ. ტორონტო „რეპტორსი“ სერიაში ანგარიშით 2:1 დაწინაურდა. მეოთხე დაპირისპირება 9 ივნისს, ისევ გოლდენ სტეიტის მოედანზე ჩატარდება.