კარი ვერ გააჩერეს - გოლდენ სტეიტმა სერია დამაჯერებელი მოგებით დაიწყო
კარი ვერ გააჩერეს - გოლდენ სტეიტმა სერია დამაჯერებელი მოგებით დაიწყო

მოქმედმა ჩემპიონმა დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. გოლდენ სტეიტმა პორტლენდი დიდი სხვაობით, ანგარიშით 116:94 დაამარცხა. ამ წყვილის სერიას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს – ისტორიაში პირველად, ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ძმები თამაშობენ. სტეფ კარიმ უმცროსი ძმის, სეთ კარის გუნდს 36 ქულა ჩაუგდო. სტეფმა 15 დან 9 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა. „უორიორზმა“ ბოლო მეოთხედში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. ოკლენდელებმა დასკვნითი პერიოდი ანგარიშით 39:23 მოიგეს. კარის 36 ქულას კლეი ტომპსონმა 26 ქულა დაუმატა. გოლდენ სტეიტის გამარჯვება ძირითადად პერიმეტრიდან შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა. მასპინძლებმა ჯამში 17 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ, როდესაც სტუმრებმა 28 სროლიდან მხოლოდ შვიდჯერ უწიეს მიზანს. „ტრეილ ბლეიზერსს“ 19 ქულით დემიენ ლილიარდმა უწინამძღოლა. 17-17 ქულა მოიპოვეს სიჯეი მაკალუმმა და როდნი ჰუდმა. სერიის მეორე შეხვედრა 17 მაისს ისევ „ორეკლ არენაზე“ ჩატარდება.

ხვალ, გამთენიისას კი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია დაიწყება, რომელშიც ურთიერთობას მილუოკი „ბაქსი“ და ტორონტო „რეპტორზი“ გაარკვევენ.