“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა აღნიშნა, რომ “ნიუ-ორლეანთან” ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში გუნდის ლიდერი სტეფ კარი სასტარტო შემადგენლობაში გავა მოედანზე.
ორგზის MVP თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და სერიის მეორე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. მის ანგარიშზე 27 წუთში 28 ქულა იყო. “გოლდენ სტეიტმა” შეძლო მოგება და სერიაში 2:0 დაწინაურება.
“მესამე შეხვედრას კარი სასტარტო ხუთეულში დაიწყებს, – განაცხადა კერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში. – არ შეიძლება ასეთი მოთამაშე დიდი ხნით იჯდეს სკამზე. ის პირველივე წუთებიდან იქნება მოედანზე”.
სერიის მესამე მატჩში, რომელიც 5 მაისს, თბილისის დროის დილის 4 საათზე დაიწყება, მასპინძელი “ნიუ ორლეანი” იქნება.