კარგი ამბავი საახალწლოდ - „ტორპედომ“ დავალიანების დაფარვა დაიწყო და ელიგაში დარჩება
ქუთაისის „ტორპედომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გუნდმა დავალაინების გასტუმრება დაიწყო.
„ქუთაისის „ტორპედომ“ დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს სამი წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება. გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას“, – წერია კლუბის განცახდებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის პლეი ოფში „გაგრასთან“ ორმატჩიანი რაუნდი მოიგო (2:0, 1:1) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, იყო საფრთხე, მოედანზე მოპოვებული უფლება ფინანსური პრობლემების გამო დაეკარგა და ქვედა ლიგაში დაქვეითებულიყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის 17 დეკემბრის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ლიცენზია ვერ აიღო, რადგან ფეხბურთელების და თანამშრომლების (მათ შორის, ყოფილი ფეხბურთელების და თანამშრომლების) ვალი დაუგროვდა. სფფ-მ გუნდს ფინანსური ვალდებულებების დასაფარად ვადა 28 დეკემბრამდე მისცა. სხვაგვარად, კლუბს ლიცენზია ავტომატურად, გასაჩივრების უფლების გარეშე შეუჩერდებოდა, გუნდი კი ქვედა ლიგაში დაქვეითდებოდა. საბედნიეროდ, კლუბს ახლა ეს საფრთხე აღარ დაემუქრება.