კარანტინში მყოფმა ესპანელმა სპორტსმენმა საკუთარ ბინაში 61 კილომეტრი გაირბინა
ესპანელმა ტრიატლონისტმა ხავიერ კასტროვერდემ გადაწყვიტა იმის დამტკიცება, რომ შეიძლება ვარჯიშების გაგრძელება იმ პირობებშიც, როცა ქუჩაში გასვლას ვერ ახერხებ. ესპანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
სპორტსმენმა თავის ბინაში 61 კილომეტრი გაირბინა და ამის დადასტურებლად ინსტაგრამზე ნაბიჯმზომის შედეგები გამოაქვეყნა. ამისთვის კასტროვერდეს 10 საათზე მეტი დასჭირდა. ესპანელი აღნიშნავს, რომ ამგვარი დისტანციის დაფარვა, როცა სახლში დერეფანის სიგრძე მხოლოდ ოთხი მეტრია, ფსიქოლოგიურად რთული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისაღებ ოთახსა და დერეფანში სირბილით უკვე გავლილი ჰქონდა 54 კილომეტრი, მაგრამ სოციალური ქსელით მიღებულმა გამამხნევებელმა შეტყობინებებმა დამატებითი ძალა მისცა.
აღსანიშნავია, რომ კასტროვერდეს ჩაფიქრებული ჰქონდა სწორედ 61 კილომეტრი დაფარვა, რადგან 061 – ეს არის ესპანეთში ჯანდაცვის დარგში საგანგებო სიტუაციების ტელეფონის ნომერი. სპორტსმენმა შეახსენა ყველას, რომ აუცილებელია კარანტინის დაცვა, აგრეთვე, მხარი დაუჭირა სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს.