კაპიტნის შემდეგ „თელავი“ მეკარემაც დატოვა - ორივე უცხოეთში ითამაშებს #1TVSPORT
კაპიტნის შემდეგ „თელავი“ მეკარემაც დატოვა - ორივე უცხოეთში ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, „თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ გუნდი მცველმა ილია ბერიაშვილმა დატოვა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. მასთან ერთად კი უცხოეთში კარიერის აწყობას მეკარე ლუკა სანიკიძე შეეცდება.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ორ ფეხბურთელს, მეკარე ლუკა სანიკიძეს და კაპიტან ილია ბერიაშვილს დაემშვიდობა. ლუკას და ილიას ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურათ და ჩვენი ბიჭებიც კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებენ. სანიკიძე ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადავიდა, ბერიაშვილი კი უნგრულ „მეზოკოვსედში“. „თელავი“ უღრმეს მადლობას უხდის ლუკას და ილიას, წლების მანძილზე გვერდში დგომისთვის, თავდადებისთვის და მათ წინსვლა-წარმატებებს უსურვებს.

გული გვწყდება, მაგრამ ჩვენ თქვენით ვამაყობთ, გვიყვარხართ და გაფასებთ – წლები, რაც ერთად განვლეთ, დაუვიწყარია, რადგან ერთი საქმისთვის, „თელავის“ გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, ყოველთვის გამორჩეული გახლდათ და შეუფასებელია. გვეამაყებით და გვიყვარხართ! წარმატებები და მადლობა ბიჭებო!“, – წერია „თელავის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.