ქუთაისის „ტორპედომ“ „სამტრედია“ გაანადგურა, სამეულში დამკვიდრდა და ვიცე-ჩემპიონობის რეალური შანსიც გაუჩნდა.
ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ გამართულ შეხვედრაში მეტოქის განადგურება თორნიკე კაპანაძემ დაიწყო, რომელმაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ერთ წუთში თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა, ხოლო 27-ეზე – გრიგოლ დოლიძემ და „ტორპედომ“ ტაიმი 3:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ თორნიკე კაპანაძემ (53, 63) კიდევ ორი გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, მეტოქის კარის აღება მოახერხეს გიორგი კუხიანიძემ (71), ლაზარ მარინმა (75) და თენგიზ წიქარიძემ (89) და ქუთაისელებმა 8:0 მოიგეს, რაც წლევანდელი სეზონის სარეკორდო სხვაობით მოგებაა.
„ტორპედომ“ 59 ქულა დააგროვა და 5 ქულით გაასწრო მეოთხეადგილოსან საჩერის „ჩიხურას“, ხოლო მეორეზე მყოფ თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსი გაუჩნდა. „სამტერდია“ 21 ქულით ისევ მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი-აუტში თამაში მოუწევს.