კაპანაძე ისევ „ტორპედოსთვის“ შეუტევს - თავდამსხმელმა ქუთაისელებთან ხელშეკრულება გააგრძელა
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. შესაბამისად, კაპანაძე ჩვენი კლუბის ღირსებას 2020 წლის ბოლომდე დაიცავს“ – წერია „ტორპედოს“ ოფიციალურ გვერდზე.
26 წლის თავდამსხმელი ზედიზედ ორი სეზონია, რაც კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. 2017 წელს მან 14 გოლი გაიტანა, 2018-ში კი – 21.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კაპანაძე ერთ-ერთ ნომინაციაში იყო წარმოდგენილი – მისი გოლი 2018 წლის სეზონის 10 საუკეთესო გოლში დაასახელეს.