ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველის ნ’გოლო კანტეს ყოფილი აგენტი რაშიდ საადნა ფეხბურთელს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, – ამტკიცებს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.
ჟურნალისტებს ხელთ ჩაუვარდათ აუდიოჩანაწერი, რომელშიც აგენტი ნახევარმცველს ემუქრება და ითხოვს მისგან წილს 4.8 მილიონი ევროდან. ეს თანხა კანტეს მეორე აგენტმა აბდელქარიმ დუიამ მიიღო ფეხბურთელის „ლესტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის სანაცვლოდ.
კანტესთან შეხვედრაზე საადნა თავის ძმასთან ხუარისთან ერთად მივიდა, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა.
„მე არჩევანის საშუალებას გაძლევ. შენ ჩემთან მუშაობ და შეწყვეტ თანამშრომლობას დუასთან. მე არ ვხუმრობ. შენ ამ საკითხს თავად მოაგვარებ ან მე მივხედავ ყველაფერს“, – თქვა საადნამ.
თავად აგენტი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ემუქრებოდა კანტეს, რომელიც „ჩელსიში“ 2016 წელს 35.8 მილიონ ევროდ გადავიდა.