კანკავამ „სლოვანში“ სადებიუტო გოლი გაიტანა - კაშიამ შეცვლაზე ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ თავის ახალ სლოვაკურ კლუბში საგოლე გადაცემების ანგარიში გახსნა – ეს ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე მოხდა, სადაც ვლადიმირ ვაისის ბრატისლავასსლოვანი“ სეზონისთვის ემზადება.

ზაფხულის შეკრების მესამე საკონტროლო შეხვედრაში „სლოვანი“ ძლიერ მეტოქეს, ავსტრიის ბუნდესლიგის „ადმირა ვაკერს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზუსტად ამ დროს მოედანზე გურამ კაშია შევიდა.

ბრატისლაველებიდან დევიდ ჰრიჩარმა (7, 20) დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ჯაბა კანკავას (23) და ეზეკიელ ჰენტის (55) ანგარიშზეა. კანკავამ გოლი საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ამას გარდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა წამოიწყო სლოვაკური გუნდის შეტევა, რომელიც მე-7 წუთზე პირველი გოლით ჰრიჩარმა დააგვირგვინა.

ვლადიმერ ვაისის გუნდი შემდეგ შეხვედრას „ზლინთან“ გამართავს. მატჩი ოთხშაბათს, 30 ივნისს გაიმართება.