2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გერმანიის ნაკრები ორ ბანაკად იყო გაყოფილი. ამის შესახებ სტატია „შპიგელმა“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გერმანული გამოცემის მტკიცებით, ერთ ჯგუფში ის მოთამაშეები იყვნენ გაერთიანებულნი, რომლებსაც გერმანული წარმოშობა არ აქვთ, მაგალითად ჟერომ ბოატენგი, მესუთ იოზილი, ილქაი გიუნდოგანი. ამ დაჯგუფებას „კანაკენებს“ უწოდებდნენ, რაც გერმანული სიტყვაა და მას ადრე ემიგრანტების დასაცინად იყენებდნენ. მეორე ჯგუფი კი შედგებოდა წარმოშობით გერმანელი ფეხბურთელებისგან, მათ შორის იყვენენ ტომას მიულერი, მატს ჰუმელსი და სხვები. ამ დაჯგუფებას „კარტოფილებს“ ეძახდნენ – სიტყვას, რომლითაც თურქები გერმანელებს დაცინვით მოიხსენიებენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ დაჯგუფებების წევრები არამარტო წარმოშობით, არამედ ცხოვრების სტილითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. „კანაკენებს“ უყვართ ჰიპ-ჰოპი, ძვირადღირებული სამკაული, სპორტული ავტომობილები, „კარტოფილები“ კი ცხოვრების უფრო მოკრძალებულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯგუფების დაპირისპირება უარყოფითად აისახა გერმანელთა თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მოქმედი ჩემპიონები ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ.
„შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის ნაკრები 2014 წლის ჩემპიონატზეც ორ ბანაკად იყო გაყოფილი, თუმცა მაშინ გუნდში თამაშობდა ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ამ ჯგუფების გაერთიანებას ახერხებდა. ამჯერად კი ნაკრებში ვერ მოიძებნა ფეხბურთელი, რომელიც ამ ამოცანას თავს გაართმევდა.