კამერუნელი ავსტრიული გუნდიდან - „დინამო“ ლეგიონერს დააკვირდება
კამერუნელი ავსტრიული გუნდიდან - „დინამო“ ლეგიონერს დააკვირდება
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე დღეს მეექვსე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – საქართველოს ჩემპიონის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის გასული სეზონის პრიზიორი „ოლექსანდრია“ იქნება.
 
ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელთა ფორმით სინჯებზე მყოფი 26 წლის კამერუნელი ფრანც პანგოპიც ითამაშებს. „დინამოს“ ვებ-გვერდის ცნობით, შემტევი დინამოელებს დღეს შეუერთდა და მასთან დაკავშირებით მწვრთნელები გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებენ. ფრანცის ბოლო კლუბი ავსტრიული „ალტახი“ გახლდათ. ფეხბურთელს 2017 წელს კამერუნის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება „დინამო თბილისისა“ და „ოლექსანდრიას“ მატჩს, ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება. „ოლექსანდრიამ“ ევროპა ლიგის მიმდინარე
სეზონში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა და „ვოლფსბურგს“ (0:1, 1:3), „გენტს” (1:1, 1:2) და „სენტ ეტიენს” (1:1, 2:2) დაუპირისპირდა. უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ „ოლექსანდრია“ 33 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა.