კამარას დუბლით „დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „საბურთალოს“ უმასპინძლა და ისევე როგორც წინა შეხვედრაში, მატჩის შემოტრიალება და მეტოქის დამარცხება მოახერხა – 3:1.
„დინამო არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში საბურთალოელებმა გახსნეს. მე-20 წუთზე საბა მამაცაშვილის ფლანგური გადაცემით ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მე-12 გოლის ავტორი გახდა.
„დინამოს“ პასუხმა არ დააყოვნა. მასპინძლებმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანეს. „დინამომ“ ძალიან სწრაფად გაათამაშა კომბინაცია, უსმანე კამარამ კი ზუსტად დაარტყა – 1:1. ტაიმი ასეც დასრულდა.
50-ე წუთზე „დინამო“ დაწინაურდა და გულშემატკივარმა ამჯერადაც ულამაზესი გოლი იხილა – თავი კვლავ უსმანე კამარამ გამოიჩინა. გვინეელმა ლეგიონერმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ისე ძლიერად დაარტყა, „საბურთალოს“ მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.
56-ე წუთზე „საბურთალო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. მსაჯმა გურამ გოშთელიანს პრეტენზიებისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, განმეორებით უკმაყოფილებაზე – წითელი ბარათი და მოედანი დაატოვებინა.
„დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 57-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა შორეული გადაცემით საჯარიმოში გიორგი მოისწრაფიშვილი მონახა, რომელიც მეკარეს და ორ მცველს იოლად გასცდა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა – 3:1.
32 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 72 ქულით პირველ ადგილზეა და 5 ქულით უსწრებს ბათუმის „დინამოს“ (67), რომელიც დღესვე ტურის მატჩში „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. „საბურთალო“ (44) კი მე-6 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩამორჩება წყალტუბოს „სამგურალს“ (51), ქუთაისის „ტორპედოსა“ (49) და გორის „დილას“ (46).