კამარ ბოლდუინმა საქართველოს ნაკრებთან პირველი ვარჯიში გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ „ურჰეას“ დარბაზში 2 საათის მანძილზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა.
სანამ მოედანზე შევიდოდნენ, ჩვენი ნაკრების წევრები ტრენაჟორებზე მოითელნენ. ისინი ფიზმომზადების მწვრთნელმა – ფილიპ მიჰაილოვიჩმა ავარჯიშა.
საქართველო ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე. თბილისში ტრავმირებული გიორგი ოჩხიკიძემ მოედანზე იყო, თუმცა ფეხის ტკივილმა მას აქტიურად ვარჯიშში ჩართვის საშუალება არ მისცა.
პირველად ივარჯიშა ნაკრებთან კამარ ბოლდუინმა, რომელიც დინჯად და მაღალი ოსტატობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ გამთამაშებლის ფუნდამენტურ მოვალეობებს – ბურთის გათამაშებას, დროულ და ზუსტ პასს და, რა თქმა უნდა, ბურთის ჩაგდებას – იქნებოდა ეს შორი და საშუალო სროლით თუ სწრაფი გარღვევით კალათის დალაშქვრა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.