კამალა ჰარისი - ნებისმიერი წინადადება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის შესახებ არსებითად კაპიტულაციაა და არა მშვიდობა
ნებისმიერი წინადადება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის შესახებ არსებითად კაპიტულაციაა და არა მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ექვს წინა შეხვედრაზე და პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სასტიკი აგრესიისა და ომის განმავლობაში, ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. უკრაინელი ხალხი მამაცად იცავს საკუთარ სახლებს, სამშობლოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას სასტიკი დიქტატორისგან. მე ვამაყობდი უკრაინის გვერდით დგომით – გავაგრძელებ უკრაინის გვერდით დგომას და ვიმუშავებ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, იყოს უსაფრთხო, დაცული და აყვავებული. ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ აგრესორებს, როგორიცაა პუტინი, მივცემთ უფლებას, დაუსჯელად დაიპყრონ მიწა, ისინი განაგრძობენ ამის გაკეთებას. პუტინს შეუძლია, მიზანში ამოიღოს პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ნატო-ს სხვა მოკავშირეები. პუტინის აგრესია არ არის მხოლოდ თავდასხმა უკრაინელ ხალხზე. ეს ასევე არის თავდასხმა ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორიცაა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჰარისმა დასძინა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს.
„პრეზიდენტო ზელენსკი, ნათელია, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია, დაასრულოს ის ხვალვე, თუ უბრალოდ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, მას არ გამოუხატავს ამის სურვილი. ნაცვლად ამისა, განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინელ ხალხზე თავდასხმას“, – განაცხადა ჰარისმა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა ზოგიერთი ამერიკელი, ვინც მოითხოვს უკრაინის მიერ სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილის დათმობას.
„ეს წინადადებები იგივეა, რასაც პუტინი გვთავაზობს. ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ არის წინადადებები მშვიდობისთვის. ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც სახიფათო და მიუღებელია“ – განაცხადა ჰარისმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება ომის შესაჩერებლად და ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი, უკრაინელი ოჯახები, უკრაინელი ბავშვები და ყველა პუტინის ბოროტებისგან. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკის, რომ მხარს უჭერს უკრაინას მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.