კალიფორნიული დერბი „კლიპერსმა“ მოიგო - „ლეიკერსი“ შესაძლოა პლეიოფში ვეღარ მოხვდეს
კალიფორნიული დერბი „კლიპერსმა“ მოიგო - „ლეიკერსი“ შესაძლოა პლეიოფში ვეღარ მოხვდეს

დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი დაპირისპირება „სტეიპლზ ცენტრში“ შედგა. ლოს ანჯელესურ დერბის დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ორივე გუნდი დასავლეთ კონფერენციაში, პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. საუკეთესო რვაში მოხვედრა „ლეიკერსს“ აშკარად გაუჭირდება. ბოლო პერიოდში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ცუდ ფორმაშია და ფაქტია, რომ ვერც ლებრონ ჯეიმსის შთამბეჭდავი სტატისტიკა შველის.

„ლეიკერსი“ დღეს ნომინალური სტუმარი იყო და მთავარ მეტოქესთან ანგარიშით 105-113 დამარცხდა. ჯეიმსმა 27 ქულა, 8 მოხსნა და 6 გადაცემა გააკეთა. სამმაგი დუბლი შეასრულა რაჟან რონდომ (24 ქულა 12 გადაცემა 10 მოხსნა). ამის მიუხედავად, ლუკ ვოლტონის გუნდმა მაინც წააგო. „კლიპერსმა“ უფრო გუნდური კალათბურთით მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას. დამაჯერებელი გახლდათ დანილო გალინარი. იტალიელმა ფორვარდმა 23 ქულა მიითვალა აქტივში. 21 ქულა იყო ლუ უილიამსის მონაგარი. „კლიპერსი“ მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ლეიკერსი მეათეა და საპლეიოფო ზონას უკვე ექვსი მოგებით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე, ნაწილი გუნდებისთვის 16 ტურია დარჩენილი. „ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე, ლიგის ერთ-ერთი ლიდერის „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


დენვერელებმა დღეს სან ანტონიოში ანგარიშით 103:104 წააგეს. „სფერსი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა სტუმართა ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე, შეხვედრის უკანასკნელმა წამებმა ინტრიგა შეიძინა. საფინალო სირენასთან ერთად, ჰარისის პერიმეტრიდან ნატყორცნი ბურთი მიზანს ასცდა და სან ანტონიოს გამარჯვება დაფიქსირდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი, ჯერჯერობით პლეიოფის ზონაში იმყოფება. დენვერმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, თუმცა მეორე ადგილს ინარჩუნებს.