„კალიარის“ ფეხბურთელებმა აპრილის ხელფასებზე უარი თქვეს
„კალიარის“ ფეხბურთელებმა აპრილის ხელფასებზე უარი თქვეს

საფეხბურთო კლუბმა „კალიარიმ“ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებმა აპრილის თვის გასამრჯელოზე უარი განაცხადეს. გუნდის პრეზიდენტი ტომაზო ჯულინი მადლობას უხდის მოთამაშეებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ კორონავირუსის პირობებში კლუბის მიმართ გამოავლინეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ მსგავსი ნაბიჯი გადადგეს სხვა იტალიური გუნდების, მათ შორის „იუვენტუსის“, „რომასა“ და „პარმას“ ფეხბურთელებმა.

კორონავირუსის პანდემიამ იტალიას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა. ამ ქვეყანაში თითქმის 220 000 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 30 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

პანდემიის გამო ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.