კალენდარი ცნობილია - რაგბი ევროპის ჩემპიონატს „ბორჯღალოსნები“ შვეიცარიასთან მატჩით იწყებენ #1TVSPORT
რაგბი ევროპამ 2025 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებsa და დებიუტანტ შვეიცარიასთან ითამაშებს. B ჯგუფში კი პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ.
ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობას, 20-ის ნაცვლად, 24 გუნდი მიიღებს. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს ორი გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა), რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიმართება. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, ორის ნაცვლად, ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პირველ-მეორეადგილოსნები 1-2 მარტს თასის ნახევარფინალში ითამაშებენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ფინალები (ყველა ადგილისთვის) 16 მარტსაა ჩანიშნული.
შეგახსენეთ, რომ 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, თავიანთ ქვეჯგუფებში პირველი სამი ადგილი დაიკავეს.
დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის პლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
პირველი ტური
1-2 თებერვალი
საქართველო – შვეიცარია
ესპანეთი – ნიდერლანდები
პორტუგალია – ბელგია
რუმინეთი – გერმანია
მეორე ტური
8-9 თებერვალი
საქართველო – ნიდერლანდები
შვეიცარია – ესპანეთი
პორტუგალია – გერმანია
ბელგია – რუმინეთი
მესამე ტური
15-16 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
ნიდერლანდები – შვეიცარია
რუმინეთი – პორტუგალია
გერმანია – ბელგია