„კალჩომერკატო“ - ტოპ კლუბები ლეაოსავით მალე დაუკავშირდებიან კვარაცხელიასაც, რომელიც ვარსკვლავად ყალიბდება #1TVSPORT
„თუ ლეაო 150 მილიონი ღირს, რამდენი ღირს კვარაცხელია?“, – ამ რიტორიკული შეკითხვით იწყება „კალჩომერკატოს“ წერილი, რომელიც ქართული ფეხბურთის იმედს და ნეაპოლში აფეთქებულ ახალ „ვირუსს“ – „კვარამანიას“ მიუძვღნა.
„ნეაპოლში „კვარამანიამ“ იფეთქა. ქართველმა გუნდი მხარზე მოიკიდა. ახლა დამალვა აღარ არის საჭირო, რადგან თამაშიდან თამაშამდე ქართველი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. დასრულდა უმარტივესი მატჩები, კვარა უკვე გრანდების წინააღმდეგაც გამორჩეულია.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური ორი ტურით ადრე მოიპოვა და მთავარ გმირებს შორის იყო ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე, რომელმაც ხორხე სანჩესი ჭკუიდან გადაიყვანა დრიბლინგებით, გადაცემებით და გოლით.
ნამდვილი გუნდი
სწორედ თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით უნდა დავიწყოთ, რადგან ამაში „ნაპოლის“ ყველა საუკეთესო თვისება და ჰარმონია გამოიხატება: ტრავმის შემდეგ დაბრუნებულს და გოლებს მოწყურებულ ოსიმენს შეეძლო პენალტის დარტყმა, მაგრამ ნიგერიელის მხრიდან ლამაზი ჟესტი იყო, რომელმაც კვარაცხელიიას პენალტის შესრულება სთხოვა. შემდეგ ერთმანეთს მიულოცეს და გოლი ერთად აღნიშნეს,
ზრდა
კვარა ვეზუვის ძირში ძალიან რთული ამოცანის შესასრულებლად მივიდა – უნდა შეეცვალა ლორენცო ინსინიე. „ნაპოლიმ“ სწრაფად მოახერხა თამაშის დალაგება ისე, რომ ძველი კაპიტნის არყოფნა არც იგრძნო. ქართველის ზრდა მუდმივია, თამაშიდან თამაშამდე მას გამოცდილება ემატება. ამ გზაზე გადამწყვეტი იყო სპალეტი, რომელიც თავიდან ცდილობდა მოთამაშესთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებინა და ზედმეტი ზეწოლა აეცილებინა. დღეს ჩანს, რომ ეს გზა სწორი იყო.
შედარება ლეაოსთან
სერია A-ს აშკარად ყველაზე გამჭრიახი მოთამაშეები რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ორივე საკვანძო მოთამაშეა – შესაბამისად, „მილანსა“ და „ნაპოლიში“. მათ სათანადო როლებიც აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი გარდაუვალი დაპირისპირება შეიძლება წარმოიშვას. კვარა პორტუგალიელს სტატისტიკით ოდნავ უსწრებს: მის ანგარშზეა 7 გოლი, 5 პასი და 2 მოპოვებული პენალტია, მეორეს მონაცემები კი 4 გოლი, 6 პასი და ერთი პენალტია. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ იტალიურ ფეხბურთში ქართველის პირველ სეზონზე, რომელიც ლეაოზე ორი წლით უმცროსიცაა (2001 წელს დაბადებული). ასეთი გავლენა პორტუგალიელს სერია A-ზე პირველ სეზონში ნამდვილად არ ჰქონია.
ჩნდება კითხვა – თუ ლეაო 150 მილიონი ევრო ღირს, მაშინ რა ღირს ახლა კვარაცხელია? „ლილს“ 2018 წელს მის ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაუხადეს. კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ „ნაპოლის“ მხოლოდ 10 მილიონი დაუჯდა, დღეს კი მინიმუმ 5-6-ჯერ მეტი ღირს. ეს იქნება ფასი, რომელსაც ბაზარი დააწესებს და თუ ლეაოს ტოპ კლუბები უკვე უკავშირდებიან, მალე იგივე მოხდება კვარას შემთხვევაშიც, რომელიც იტალიური და ევროპული ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავად ყალიბდება“, – წერს იტალიური გამოცემა.