კალათბურთი | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ფრეზინგში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2022 წლის 15-24 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა, რომელიც წილისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მას ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.

 

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

მთლიანობაში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელტარული, A დივიზიონის საგზური.

თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ძლიერი სერბეთის, ლატვიისა და პოლონეთის ნაკრებები.

 

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

 

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

16-წლამდელთა B დივიზიონი 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბელგია, უნგრეთი, კვიპროსი და ავსტრია.

 

18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა წილისყრაც. საქართველოს ნაკრები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. 18-წლამდელთა ნაკრები C დივიზიონში იქნება, რომელსაც 26-31 ივლისს ანდორა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან გიბრალტარისა და მოლდოვას გუნდები.

 

20 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

რაც შეეხებათ 20-წლამდელ გოგონებს, B დივიზიონი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში გერმანიის, ისრაელის, ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.

gbf.ge