დუდუ დადიანის XXII გათამაშების გამარჯვებული „ქუთაისია“. იმერულ კლუბს დადიანის მემორიალი აქამდე 2011 და 2020 წლებში ჰქონდა მოგებული და დღევანდელი გამარჯვებით ტიტულს მესამედ შესწვდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ფინალურ მატჩში ზესტაფონის „მარგვეთი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 94:89.
თამაშში ლიდერი ერთხელ შეიცვალა. პირველი ბურთი რომ ჩააგდეს და დაწინაურდნენ, ზესტაფონელები წინ იყვნენ, სანამ თამაშის დასრულებამდე 2:10 წუთი არ დარჩა. სწორედ ამ დროს აკაკი დვალიშვილმა ორქულიანი ჩააგდო და ქუთაისელები 87:86 დააწინაურა. ნომინალურმა ცენტრმა, დვალიშვილმა მომდევნო შეტევაში სამქულიანი გამოიყენა, ხოლო ბოლო წუთზე, როცა ქუთაისელები 2 ქულით იგებდნენ, გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
დვალიშვილი დამსახურებულად გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ MVP-ის ტიტული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა. დვალიშვილმა, უკვე ქუთაისის კაპიტნის რანგში, დუდუ დადიანის თასი ჩაიბარა, რომელიც მას დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – ნიტამ, სანდრომ და ანდრიამ გადასცეს.
ყველაზე შედეგიანი ქუთაისელი გიორგი ოჩხიკიძე იყო – 20 ქულა, 11 პასი. 20 ქულა მიითვალა გიორგი სულაბერიძემ. ორმაგი დუბლი (17 ქულა, 12 მოხსნა) ჩაიწერა გიორგი კორსანტიამ. ტურნირის MVPე-ის, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. „მარგვეთში“ 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ტაიშონ კროუფორდი. მაიკლ მეიესმა შეხვედრა 22 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. აკაკი ლომოურის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.