გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 17 ივნისს დაიწყება და 22 ივნისამდე გაგრძელდება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ტურნირისთვის დიდი ხანია, რაც ემზადება. ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა.
ხმალი – ვაჟები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია
რაპირა – ვაჟები: ლაშა გალუაშვილი, ლუკა ღაღანიძე
ხმალი – გოგონები: თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი
გუნდი თბილისშია და მზადებას ასრულებს. ქართული დელეგაცია ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის გერმანიაში 15 ივნისს გაემგზავრება.
„ძალიან მაღალ დონეზე ვემზადებით და მიმაჩნია, რომ არის შანსი, შედეგები პირად გამოსვლებშიც გავაუმჯობესოთ და ევროპის ჩემპიონატის შედეგებით ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურად მოვხვდეთ – ეს ყველაზე სასურველი შედეგი იქნება“, – აცხადებს სანდრო ბაზაძე.
თეო კახიანი ზუსტად ორი წლის წინ გახდა ევროპის ჩემპიონი და ამჯერადაც სხვა მიზანი არ გააჩნია: „არ მახსენდება ტურნირი, სადაც მეორე ადგილზე გასვლით კმაყოფილი დავრჩენილიყავი. თავს იმიტომ ვიკლავ და დღეში ორჯერ იმიტომ ვვარჯიშობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობ“.
„ეს არის სალიცენზიო ტურნირი, რომელიც ქულებს ორმაგად იძლევა და ჩვენი მიზანია, გუნდურად ევროპის ოთხ საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდეთ, რაც ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას მოგვცემს“, – აცხადებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე.