„დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე და ჩვენი ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარია“, – ასე შეაფასა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა პატაიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. „წარმატებას ველოდით, მაგრამ ხუთ ოქროს და ორ ბრინჯაოს მედალს, ასევე მსოფლიოს სამ და ევროპის ოთხ რეკორდს არა. ქართული ძალოსნობისთვის ეს ისტორიული შედეგია. ლაშა ტალახაძემ ფედერაციის ყველა წევრის შრომა დღეს ტრიუმფით დააგვირგვინა. ამ წუთებისთვის მადლობა ყველას. გილოცავთ და მჯერა, რომ მსგავს გამარჯვებებს სულ მალე სოხუმში ვიზეიმებთ.
წინ ოლიმპიური თამაშებია, ახლა უკვე როგორც ევროპის ჩემპიონატზე ასევე საერთაშორისო ტურნირებზე სალიცენზიო ქულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, -დასძინა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.