კახი კახიაშვილი - პირობას გაძლევთ და გარანტიასაც, ტალახაძე არსად წასვლას არ აპირებს
ქართველი ძალოსნები ნებართვას ელიან, შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორორისო ტურნირებისთვის მზადება რომ დაიწყონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა განაცხადა.
„ყველა სპორტსმენი ჯერ ინდივიდუალურად თავის პირად მწვრთნელთან ემზადება – სახლის პირობებში, როგორც ეს არის შესაძლებელი. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ოთხი დიდი ტურნირია დაგეგმილი – ევროპის ჩემპიონატი დიდებში, ახალგაზრდებსა და იუნიორებში, ასევე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი. იმედია, მალე ჩავდგებით მწყობრში და სავარჯიშო-პროფესიონალურ ვითარებას დავუბრუნდებით“, – ამბობს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.
კახი კახიაშვილმა კომენტარი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებაზეც გააკეთა.
„რაც შეეხება ლაშა ტალახაძის განცხადებას. ბოლო წლებში სპორტის მიმართ მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განსაკუთრებით ძალოსნობის მიმართ. ახლა ჩვენ უმაღლესი დონის მხარდაჭერა გვაქვს, ისეთი, როგორიც არასოდეს გვქონია. პირობას გაძლევთ და გარანტიასაც, ლაშა არსად წასვლას არ აპირებს, ყოველთვის საქართველოს დროშას აღმართავს და ქართველ ხალხს კიდევ ბევრჯერ გაახარებს“, – აცხადებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.