საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთის რეგიონულ ფედერაციასთან ერთად 52 მწვრთნელი გადაამზადა, რომლებიც „ცე“ (c) ლიცენზიის მფლობელები გახდნენ – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვთა ადგილობრივ გუნდებთან მუშაობს – მწვრთნელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.
დიპლომების გადაცემის ცერემონიას თელავმა უმასპინძლა, სადაც იმყოფებოდნენ საქართველო ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი. შეხვედრის მონაწილეებმა კახეთში აქტიურად მიმდინარე საფეხბურთო პროცესებზე იმსჯელეს. მასპინძლებმა უკანასკნელ წლებში რეგიონში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს და მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნეს ლაგოდეხის აკადემიის ამოქმედება, რომელშიც მთელი კახეთის რეგიონის გამორჩეული ბავშვები ვარჯიშობენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო პერსპექტივებიც შეაფასეს და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
„კახეთის რეგიონი პირველია, სადაც ჩატარდა გადამზადების კურსები, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ქართული ფეხბურთის სწორი განვითარებისათვის. ბავშთა ფეხბურთის პირამიდის ის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს ითხოვს. სწორედ ბავშთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილია იმ მწვრთნელთა გადამზადებაც, რომლებიც რეგიონებში ბავშვებთან მუშაობენ“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის თქმით, გადამზადების კურსი სამეგრელოში გაგრძელდება და წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.