კახეთის პოლიციამ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 28 ივლისს სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის ფაქტს, რის შემდეგაც, პოლიციამ დაკითხვაზე სამი პირი გადაიყვანა, მათ შორის იყო ასლან მუთოშვილიც.

ასლან მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან გვარებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის ძმაა.

ვისური მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი. სახლი კი, რომელის დაცხრილვასაც გამოძიება ასლან მუთოშვილს ედავება, არბი ქავთარაშვილის ძმას, მურად ქავთარაშვილს ეკუთვნის.

შმაგი (ასლან) ქავთარაშვილს, რომელიც შს სამინისტროს კახეთის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.