საჩხერეს „ჩიხურას“ ფეხბურთელი კახა კახაბრიშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„ახალი სეზონიდან, კახა კახაბრიშვილი „ლოკომოტივისთვის“ შეუტევს. 27 წლის ნახევარმცველმა, კლუბთან 1+1 კონტრაქტი გააფორმა“, – წერია „ლოკომოტივის“ ოფიციალურ გვერდზე.
კახაბრიშვილმა პროფესიული კარიერა ლიგა 3-ის სტუ-ში 2013 წელს დაიწყო. 2014 წლიდან „ვიტ ჯორჯიაში“ ჩაირიცხა, საიდანაც 2018 წელს საჩხერეს „ჩიხურაში“, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ „ცხინვალში“ გადავიდა. 2019 წლის დასაწყისში კიდევ ერთ ახალ კლუბში, ბოლნისის „სიონში“ მოხვდა.
2020 წლის იანვარში საჩხერეს „ჩიხურაში“ დაბრუნდა, რომლის ფორმითაც ეროვნულ ლიგაში დასრულებულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. წლევანდელ სეზონში „ჩიხურა“ ლიგიდან გავარდა. ამის მიუხედავად, კახაბრიშვილმა რამდენიმე კარგი თამაში მაინც ჩაატარა. ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, მე-17 ტურში „ჩიხურამ“ მოულოდნელად 2:0 დაამარცხა თბილისის „დინამო“ და პირდაპირ გავარდნას გადაურჩა. პირველი გოლი საჩხერელთა შემტევმა ნახევარმცველმა კახა კახაბრიშვილმა გაიტანა, თან ძალიან ეფექტურად. სააგენტო „ტრანმსფერმარკეტი“ მის სატრანსფერო ღირებულებას 125 ათას ევროდ აფასებს.
კახაბრიშვილი სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ „ლოკომოტივის“ პირველი ნამატი არაა. თბილისელებმა უკვე დაიმატეს გამოცდილი მეკარე რეზო თევდორაძე, ხოლო ნიკა სანდოხაძემ, რომელიც „დინამო თბილისიდან“ ზაფხულში იჯარით დაიმატეს, გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.