კახა კალაძის ინტერვიუ „გაზეტა დელო სპორტში“ - მალდინის, ნესტას და შევჩენკოს გვერდით ყოვლთვის გამარჯვებაზე ვფიქრობდი [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა „გაზეტა დელო სპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა კახა კალაძეს, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში „მილანში“ თამაშობდა. გამოცემა მას ანდრეი შევჩენკოს „ჯენოაში“ გადასვლასა და „მილანზე“ ესაუბრა.
„კახა კალაძე ანდრეი შევჩენკოს კვალდაკვალ „მილანში“ 2001 წელს ჩაირიცხა, მანამდე კიევის „დინამოში“ თამაშობდა. კალაძემ ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, კარიერა „ჯენოაში“ დაასრულა. „მილანის“ ყოფილი მცველი ახლა თბილისის მერია, თუმცა ფეხბურთსა და მის მთავარ მოვლენებს თვალს მაინც ადევნებს“, – წერს გამოცემა.
– კიევში რომ ჩავედი, ანდრეის დავუმეგობრდი. ის დამეხმარა გუნდთან ადაპტაციაში და გამაცნო ქალაქი. მსგავსი ხასიათი გვაქვს, შრომა გვიყვარს და თავგანწირვა შეგვიძლია, რაც დიდმა მწვრთნელმა ლობანოვსკიმ გვასწავლა. შევა იტალიაშიც ძალიან მეხმარებოდა, განსაკუთრებით ენის კუთხით, რადგან იტალიურად უკვე ლაპარაკობდა, – ამბობს კალაძე.
– როგორი ატმოსფერო იყო გასახდელში?
– სიტყვით აღწერა რთულია. „მილანში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. „მილანი“ დიდი ოჯახი იყო, განზე არავინ იდგა – მოგებისთვის ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. როცა მალდინის, ნესტას, შევას გვერდით ზიხარ, კლუბში იმედგაცრუებაზე ვერ იფიქრებ.
– ერთხელ რეზო ჭოხონელიძეს ძალიან ძვირადღირებული მანქანა აჩუქეთ, რომელიც იტალიაში დაბადების დღეზე ჩამოვიდა: როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?
– მილანში მყავდა ორი ადამიანი, რომლებიც ყოველთვის ჩემს ოჯახთან იყვნენ. თავიდან რეზო „მილანში“ გადასვლაში მეხმარებოდა, მანამდე კი შევასთანაც ასე მოიქცა, მანქანებით ძალიან ვიყავით გატაცებული და ამიტომ გადავწყვიტე, რეზოსთვის ასე მიმელოცა. კიდევ ერთი ადამიანი, ვისთანაც გადაჯაჭვული ვიყავი – ლორენცო ჩიპრიანია. მილანში კიდევ ბევრი მეგობარი მყავს.
– გაგიკვირდათ, როცა შევა „ჩელსიში“ გადავიდა?
– თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა სცე.
– გაგიკვირდათ, ანდრეი მწვრთნელი რომ გახდა?
– არა, რადგან შევას აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მიზნისკენ მიდის და აღწევს მას, რასაც მოწმობს მის მიერ მოპოვებული „ოქროს ბურთი“. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზაზე დგას, ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და კლუბში გადავიდა.
– როგორი მოგონებები გაკავშირებთ „მილანთან“ და ორ ჩემპიონობასთან?
– მილანი ჩემი მეორე ქალაქია, როცა იქ მივდივარ, თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობ. ოჯახური ატმოსფეროა, იტალია მშვენიერი ქვეყანაა, იტალიელები ფანტასტიკური ხალხია. „მილანის“ გულშემატკივრები განსაკუთრებულები არიან. ისინი არასდროს დაგივიწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა. ამიტომ, ვეტყვი მათ, ვინც დღეს „მილანის“ ფორმას ატარებს – უნდა იამაყონ, ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და მას ყოველთვის პატივი უნდა სცე, არასოდეს დანებდე. თუ დანებდები, „მილანში“ ვერ მოხვდები..
– მალდინისთან ერთად მოედანზე დიდი ხანი იყავი. მოგწონს ის, როგორც მენეჯერი?
– ის ბოძია, მისი პლაკატი საძინებელში მქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით ვიყავი. ვფიქრობ, შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, გუნდში ახალი ელემენტები შეიტანა და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.
– ახალგაზრდული „მილანი“ მოგწონთ?
– მათ ყველაფერი გააკეთეს იბრაჰიმოვიჩის შესანარჩუნებლად, რათა კლუბში სხვების მასწავლებელი ყოფილიყო. ზლატანი ხელს უწყობს ლეაოს, ტონალის, საელმეკერსს, ტომორის ზრდას. იმედი მაქვს, ორ წელიწადში „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაში ისევ უმაღლეს დონეზე ვიხილავ, მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება.
– რას ფიქრობთ „ჯენოაში“ შევჩენკოს მომავალზე?
– იქ თბილი გარემოა, გულშემატკივრები გუნდზე მიჯაჭვულები არიან. შევას და ტასოტის აქვთ დავალება, რომელიც არ არის მარტივი, მაგრამ დამაინტრიგებელია. შევა შრომისმოყვარეა და უყვარს მწვრთნელობა, გამოწვევები კი სტიმულს აძლევს.
– როგორ ფიქრობთ, რა გრძნობით შეხვდება ანდრეის „მილანს“?
– პაოლოს მალდინისთან შეხვედრა ამაღელვებელი მომენტი იქნება, მაგრამ ყველაფერი სასტარტო სასტვენით დასრულდება. შევას ვუსურვებ, რომ „ჯენოა“ დააბრუნოს იმ დონეზე, რომელსაც კლუბი და გულშემატკივრები იმსახურებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დიდი ისტორიის მქონე კლუბი.
– მაგრამ ამჯერად ვის უჭერთ მხარს?
– ჩემი გული „მილანისკენაა“.