კახა კალაძეს მასტერ ლიგის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა #1TVSPORT
კახა კალაძეს მასტერ ლიგის ორგანიზატორებისგან სახეობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო ჯილდო გადაეცა, – ინფორმაციას მასტერ ლიგის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მასტერ ლიგის მხარდაჭერისთვის და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დედაქალაქის მერმა და ჩემპიონატის გამორჩეულმა მონაწილემ, კახა კალაძემ მასტერ ლიგის გუნდისგან სპეციალური ჯილდო მიიღო“, – წერს მასტერ ლიგის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
მასტერ ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კახა კალაძემ ტურნირის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა:
„ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ბევრი ახალგაზრდა რომ იყოს ჩართული. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და ბევრ ახალგაზრდას უყვარს. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. წელს 80 გუნდი მონაწილეობს. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რაც ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტ პოპულარობას შეიძენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მასტერ ლიგაზე ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს – ლევან მჭედლძე, ჯანო ანანძე, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა თოთაძე, შოთა კაშია, ნიკა ძალამიძე. საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები კი დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.