კახა კალაძეს საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ დაბადების დღე მიულოცა – იტალიურმა გრანდმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის მილოცვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „მილანის“ ყოფილი მცველი 27 თებერვალს 42 წლის გახდა. ის იტალიურ გრანდში 2001-2010 წლებში თამაშობდა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 194 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
2001 წელს, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. ამით კახა კალაძე დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ის „როსონერიში“ 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და „შავ-წითლების” მაისურით ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სერია A, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ სუპერთასი, ერთხელ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში მოიგო იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. კახა კალაძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული 2003-2004 წლების სეზონშიც გახდა, როდესაც „მილანმა“ ფინალში „ლივერპულთან“ 3:3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ინგლისური გუნდი პენალტების სერიით დაამარცხა.
იტალიური გუნდის ფორმით კახამ 2007 წლის დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო – „მილანმა“ არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ 4:2 დაამარცხა.