კახა კალაძე - საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება #1TVSPORT
ყაზახურ ინტერნეტპორტალ Sports.kz-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და თბილისის ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.
„საქართველო ათწლეულების განმავლობაში მაღალი დონის ფეხბურთელებს ზრდის. ბევრი წამყვან ევროპულ ჩემპიონატში თამაშობს. როგორ ხდება ეს? პირველ რიგში, საკლუბო აკადემიებმა მუშაობა გააუმჯობესეს, ბავშვთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში კი გარღვევა მოხდა. ნიჭიერ ფეხბურთელს წლების განმავლობაში გონივრულად ზრდიან და მათ განვითარებაში თანხებს აბანდებენ. ამის შედეგად გაზრდილი მოთამაშეების საუკეთესო მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ფეხბურთს თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
შეუძლია თუ არა ყაზახეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავს წარმატებას მიაღწიოს? ახალგაზრდებთან მუშაობაა საჭირო, რომ ტალანტები გაზარდოთ და კონკურენტულ ჩემპიონატებში გაუშვათ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდებიან. მაშინაც კი, თუ ეს კლუბი „ნაპოლი“ ან „მილანი“ არ იქნება, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები პროგრესირებდნენ. და თუ ეს მოხდება, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, გრანდები როდის დაინტერესდებიან.
საქართველოში ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნულიდან აშენდა ბათუმის სტადიონი, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა თბილისში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის და ქუთაისის სტადიონის მასშტაბური რეკონსტრუქცია განხორციელდა. თბილისთან ახლოს, ვაზიანში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობის გეგმა უკვე დამტკიცდა. ამ მიზნით 18 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია გამოყოფილი. სტადიონის აშენების შემდეგ, საქართველო 2028 წელს თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის განაცხადს წარადგენს“, – ამბობს კახა კალაძე.