კახა კალაძე - ვერ დავეთანხმები ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, რომ სპორტში დახარჯული ფული გადაყრილია
„ჩვენ დღეს ვისმენთ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ თურმე სპორტში დახარჯული ფული გადაყრილი ფულია, რასაც ნამდვილად ვერ ვეთანხმები. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ეს დამოკიდებულება“ – ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქართულ სპორულ საზოგადოებასთან შეხვედრაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული სპორტისთვის წარმატებული და შედეგიანი 2018 წელი სპორტულ საზოგადოებასთან ერთად შეაჯამა.
„ეს გამარჯვებები, ეს ოქროს მედლები არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართული სპორტს მიმართ. მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება და საქართველოს გამარჯვებაა. გისურვებთ, სულ წარმატებულები იყოთ! ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისი, რათა სპორტის სხვადასხვა სახეობა განვითარდეს. ამის გარეშე შეუძლებელია ვიფიქროთ წინსვლასა და წარმატებებზე. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ამ მიმართულებით. 2018 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში. ამ დრომდე სპორტსმენებმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 827 მედალი მოიპოვეს – 318 ოქრო, 244 ვერცხლი და 265 ბრინჯაო“ – ამბობს კალაძე.