კახა კალაძე - კვარაცხელიაზე „ნაპოლიმ“ გადაწყვეტილება მიიღო, „მილანი“ კი ყოყმანობდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ქართველმა მცველმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის YouTube არხზე ისაუბრა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „მილანის“ ხელმძღვანელობას ერთი წლის წინ ესაუბრა.
„შარშან „მილანს“ ველაპარაკე და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ვურჩიე. მაგრამ პარალელურად იყო კომუნიკაცია „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, ველაპარაკე კლუბის სპორტულ დირექტორსა და ჯენარო გატუზოს, რომელიც მაშინ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინ „ნაპოლიმ“ ხვიჩას ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
„მილანმა“ კი თქვა, რომ შეხედავდა. მესმის მათი. ძნელია, ასეთი თანხის გადახდა იმ ფეხბურთელში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, თუმცა ხვიჩა ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა. მას აქვს ყველა მონაცემი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი გახდეს.
დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია „მილანის“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდებოდა, მაგრამ ამ პოზიციაზე მათ რაფაელ ლეაო ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ბედნიერია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი რომ გააფორმა“, – განაცხადა კალაძემ.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა. იტალიურ კლუბში 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.