კახა კალაძე ჯენარო გატუზოს გამოექომაგა - მას შეუძლია მილანს ჩემპიონობა დაუბრუნოს
კახა კალაძე ჯენარო გატუზოს გამოექომაგა - მას შეუძლია მილანს ჩემპიონობა დაუბრუნოს

კახა კალაძემ ჯენარო გატუზო შეაქო. მილანის ყოფილმა მცველმა გუნდის ამჟამინდელ მთავარი მწვრთნელის საქმიანობა გაძეტა დელო სპორტთან (La Gazzetta Dello Sport) შეაფასა. როსონიერის ქართველი ვეტერანი პოპულარულ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ გატუზო გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

„გატუზომ მილანში თავისი გზა აირჩია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. ჯენაროს შეუძლია, რომ გუნდი სერია “ა”-ს და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში დააბრუნოს, ახლა კი იტალიის თასის ფინალში გაიყვანოს. მან გუნდის თამაში საგრძნობლად შეცვალა და ჩამოაყალიბა მებრძოლი ჯგუფი, რომელთანაც გასახდელში კარგად მუშაობს“ – ამბობს კალაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მილანში კლუბის ლეგენდების, ლეონარდოსა და პაოლო მალდინის საქმიანობაზეც ილაპარაკა:

„ასეთი ლიდერების დამსახურებაა, რომ მილანმა დაიბრუნა ის სტაბილურობა, რაც გუნდს დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. ლეონარდო და პაოლო არიან ადამიანები, რომელბიც გატუზოს გვერდში დაუდგნენ. ახლა კი გუნდში დიდი ინვესტიციების განხორციელება სურთ, რათა მილანში ძლიერი მოთამაშეები დაიმატონ და ძველი დიდება დაიბრუნონ“.

შეგახსენებთ, რომ როსონერიში 2001 წელს ჩარიცხული კალაძე ბოლოს გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდა, მილანის ფორმით კი სულ ყველა ტურნირზე 284 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 9 სეზონის შემდეგ კალაძე გახდა იტალიის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ასევე ევროპის სუპერთასის მფლობელი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი.