კახა კალაძე - ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დანაპირები შეასრულა – დედაქალაქის მერიას რამდენიმე ასეული ოჯახისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის სასაჩუქრე ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
პროდუქციის მიღებასა და დახარისხებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეს ესწრებოდნენ. პროდუქტების 600 სასაჩუქრე ნაკრები, სხვა კომპანიების მიერ მიწოდებულ სპეციალურ პაკეტებთან ერთად გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ოპერატიულად გადაეცემათ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში თანადგომა გადავწყვიტეთ. გადავეცით 600 ყუთი, ანუ ის პროდუქტები, რაც დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სულ გამოვყავით 1 000 ყუთი, საიდანაც 600 დედაქალაქის მერიას გადავეცით, ხოლო დანარჩენს გადავცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ადამიანებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით,“ – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
კახა კალაძე, თბილისის მერი – „ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს”.