კახა კალაძე - ბათუმის სტადიონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ
ბათუმში 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრო, თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვითარების გამოსწორებისთანავე სტადიონზე ცნობილ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ.
„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მშენებლობა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული გუნდი, ბათუმის „დინამო“, საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩა. ბევრი დაპირების და გამართული ტენდერის მიუხედავად, მშენებლობა მხოლოდ 2017 წელს გადაწყდა და სწრაფად აშენდა.
უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის ახალ არენაზე ორი საერთაშორისო მატჩი დაგეგმა და განაცხადი უეფა-შიც გააგზავნა. სფფ-ს სურს, რომ ნოემბერში ბათუმის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლოს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ სტადიონზე ტესტ-მატჩი გაიმართოს. ამის გამო, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.