კახა კალაძე - ასეთი თამაშები მომავალშიც იქნება, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ლივერპულთან“ და „რეალთან“ #1TVSPORT
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ლეგენდების მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში გაიმართება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქარველოს ნაკრების და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.
მედიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე და მის მნიშვნელობაზე კომენტარი კახა კალაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი თამაშები მომავალშიც გაიმართება.
„ამ დონის ფეხბურთელები რომ ჩამოდიან ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქალაქში, ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ჩემი საკლუბო წარმატება „მილანთან“ ასოცირდება. თუკი საკლუბო დონეზე რამეზე შეიძლება ფეხბურთელმა იოცნებოს, ყველაფერი მოგებული მაქვს, ეს საამაყო და სასიამოვნოა.
კიდევ ერთხელ შევხვდები ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც 10 წელი გავატარე. მეორე მხარეს კი არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მათ გვერდით თამაში ძალინ მიხარია. ასეთი შეხვედრებით პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქართული ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ამას ემატება ჩვენი ეროვნული ნაკრების ძალიან მაგარი თამაში და არნახული წარმატება. მიხარია, რომ ამის შედეგად ბავშვებში კიდევ უფრო დიდი ინტერესია ქართული ფეხბურთის და სპორტის მიმართ. ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა და მადლობა მინდა მათ გადავუხადო. იმედია, 21 სექტემბერს ქართველი გულშემატკივარი სტადიონს შეავსებს და თამაშით ისიამოვნებს.
ფიზიკურად როგორ ფორმაში ვარ? 46 წელი პატარა ასაკი არაა. თუმცა, არ ვუჩივი, ყოველდღე ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფორმაში ვიყო. მასტერ ლიგას (ფეხბურთი 7/7-ზე) სისტემატურად ვთამაშობ. შევეცდები, ამ მატჩშიც შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინო.
ასეთი თამაშები მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ შოთისთან (არველაძე) ვისაუბრე. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ლივერპულთან“ და მადრიდის „რეალთან“. ვისი გულისთვისაც გულშემატკივრები წლების წინ ღამეებს ათენებდნენ, საშუალება ექნებათ, საქართველოში იხილონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვარსკვლავების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს, TKT.ge-ზე დაიწყო. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქარველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.