კახა კალაძე - არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის დააპირისპიროს ახალგაზრდობა
კახა კალაძე - არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის დააპირისპიროს ახალგაზრდობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიუღებელს უწოდებს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ახალგაზრდობის დაპირისპირებას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ 14 დეკემბრისთვის დაანონსებული ღონისძიების დეტალებით დაინტერესდნენ.

ჟურნალისტების თქმით, საუბარი მიდის იმაზე, რომ 14 დეკემბრის ღონისძიება ოპოზიციის აქციების კონტრაქციაა და დაემთხვა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, ნოდარ რუხაძის გუშინდელ სტატუსს სოციალურ ქსელში.

„რა დროს ნოდარ რუხაძეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თქვენ იცით, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საქართველო. ახალგაზრდებს აქვთ კვირეული. იყო გახსნითი ღონისძიება ორბელიანის მოედანზე, იყო დიდი კონცერტი, იყო რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდობა და ამ ღონისძიების დახურვის საღამო იქნება 14 დეკემბერს. ვისაც სურვილი აქვს, ყველას მინდა, მოვუწოდო, მობრძანდნენ და ერთად ვიზეიმოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით. ის, რომ თუნდაც დღეს ქართული პასპორტით შესაძლებელია ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება და ბევრი რეფორმაა კიდევ ჩასატარებელი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს, გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყო წარმატებული ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ჟურნალისტებმა კახა კალაძეს შეახსენეს, რომ რამდენიმე დღის წინ, ორბელიანის ქუჩაზე კონცერტიდან ახალგაზრდები აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც კონტრაქცია მოეწყო და დაპირისპირება მოხდა. „რატომ მიდიან ეს ახალგაზრდები იქ, სადაც შეიძლება გაღვივდეს დაპირისპირება“, – ჰკითხეს კახა კალაძეს.

„პირიქით ხომ არ დავსვათ ეს შეკითხვა, რატომ მიდის ოპოზიცია იქ, სადაც შეიძლება გაღვივდეს დაპირისპირება, რადგან ისინი მივიდნენ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან. სხვათა შორის, ძალიან გასაკვირი იყო კონკრეტული ჟურნალისტების მხრიდან დასმული შეკითხვა და მეცინებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულს ეკითხებოდნენ, რა უნდოდათ მათ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.

ყოველდღიურ რეჟიმში ახალგაზრდები არიან ოფისში, თან მით უმეტეს, როცა ძალიან დიდი ღონისძიება იმართებოდა ორბელიანის მოედანზე. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, მიზანმიმართულად იყო გაკეთებული, რომ მომხდარიყო გარკვეული დაპირისპირება, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ, პოლიტიკოსებს, აბსოლუტურად ყველას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში მყოფს, გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში ახალგაზრდების წინაშე, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე და არავის უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესები გამოიყენოს იმაში, რომ დააპირისპიროს ახალგაზრდობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, 14 დეკემბრის ღონისძიება გაიმართება თუ არა რუსთაველის გამზირზე.

„ადგილი გადაწყვეტილი არ არის, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ადგილსა და დროსთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი