კახა კაჭარავა - წონა არავის აწუხებს და საბედნიეროდ, ვირუსიც არავის აქვს
კახა კაჭარავა - წონა არავის აწუხებს და საბედნიეროდ, ვირუსიც არავის აქვს

ერთი კვირაა, რაც საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ეროვნული ლიგის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკში“ ვარჯიშობდა, დღეს კი დიღმის სპორტულ ცენტრში გადაინაცვლა.

ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს თერმოსკრინინგს უტარებენ. ვარჯიშები სპორტული სამყაროსთვის დაწესებული პროტოკოლის მიხედვით, დისტანციის დაცვით ტარდება და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

საქართველოს პირველ არხთან „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა აცხადებს, რომ პაუზის მიუხედავად, ფეხბურთელები გუნდს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში დაუბრუნდნენ.

„უკვე მეოთხე დღეა, „სამტრედიამ“ ვარჯიშები განაახლა. მოედანზე გასვლამდე ფეხბურთელებს და მწვრთნელებს თერმოსკრინინგი გვიტარდება და უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ. გამომდინარე იქიდან, ქვეყანაში რა ვითარებაც იყო, ფეხბურთელების ინდივიდუალური დავალებები ჰქონდათ და ასე ვარჯიშობდნენ. შეკრების განახლებამდე მათ ფიზიკური ტესტირება გაიარეს და უნდა გითხრათ, რომ ვითარების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს – ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზედმეტი კოლოგრამები არავის აწუხებს და საბედნიეროდ, ვირუსიც არავის აქვს“ – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან კახა კაჭარავა.

როგორც ცნობილია, წინასწარ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნულ ლიგაში სეზონი ივლისში დაიწყებოდა. მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთის ფედერაციამ დაწყების დღედ 25 ივნისი დაასახელა. „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელისთვის ჩემპიონატის მოსალოდნელზე ადრე დაწყება მისაღები გადაწყვეტილებაა:

„ჩემპიონატი 25 ივნისს რომ განახლდება, ამ გადაწყვეტილებას ვემხრობი და კარგია, რომ გათამაშება მალე დაიწყება – ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე აქვთ სათამაშო და მნიშვნელოვან მატჩებს კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ“.